Volvo-ს სახით ბიზნესკლასში კიდევ ერთი მოთამაშე შემოდის

შვედური კომპანია Volvo, რომელიც ქროსოვერებითა და ე.წ. უნივერსალებით არის ცნობილი, მაღალი კლასის სედანების სეგმენტში დებიუტისთვის ემზადება.

ეს იქნება ახალი S90, რომელიც BMW 5 series და Mercedes-Benz E class-ის ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას. S90-ის პრემიერა დეტროიტის ავტოშოუზე ერთ თვეში იგეგმება, ხოლო გაყიდვები გაზაფხულზე დაიწყება.

S90 უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე „ცხოველსაწინააღმდეგო“ რადარია, რომელიც როგორც დღისით, ისე ღამით შეძლებს მაგალითად, გზაზე მყოფი ლოსის ან ირმის ამოცნობას. ავტომობილი ასევე აღიჭურვება ნახევრადავტონომიური მართვის ფუნქციით, რომელიც საჭის ხელშეუხებლად იმოძრავებს სწორ გზაზე 130 კმ/სთ სიჩქარის პირობებში.

კომპანიის მმართველის ჰაკან სამუელსონის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიაში ინვესტირებული 11 მილიარდი დოლარის შემდეგ, დროა Volvo-მ კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი გადადგას და წარმოდგენილი იყოს ამ სეგმენტში, როგორც სრულყოფილი მოთამაშე. მისივე თქმით, S90 ხსნის გზას იმ სეგმენტისკენ, სადაც მანამდე კომპანია სუსტად იყო წარმოდგენილი.

„2016 წელი იქნება „გახურების“ წელი და S90-ის 15 ათასამდე მოდელის რეალიზებას მოვახდენთ, თუმცა სამომავლოდ ამ ციფრის 50 ათასამდე გაზრდას არ გამოვრიცხავთ“, - აღნიშნა ჰაკან სამუელსონმა.

რა თქმა უნდა, ეს ციფრი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სეგმენტის ლიდერის BMW-ს 5 series-ის ყოველწლიური გაყიდვები, რომელიც 300 ათასს აჭარბებს, მაგრამ სამუელსონის თქმით, ამ ეტაპზე „ვოლვოს“ ამბიციაა სეგმენტის 5 პროცენტი მაინც დაიკავოს.

მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, „ვოლვოს“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა 26 პროცენტით მოიმატა და 441,002 შეადგინა, რაც წლის ბოლომდე 500 ათას ავტომობილს მიაღწევს. ეს ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება კომპანიის ისტორიაში. Volvo-ს მიზანი 2020 წლისთვის გაყიდვების 800 ათასამდე გაზრდაა.

კოკა კვირკველია