2016 წელს თბილისის მერია რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

2016 წელს თბილისის მერია რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ისაუბრა.

"2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: 1. ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 17 800 000 ლარი, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა; 2. 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 7 800 000 ლარი;

3. ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში - 42 მლნ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითრება და შენობების რეაბილიტაცია - 19 მლნ ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 7 700 000 ლარი;

4. 7 მეტროს სადგურის - ვაგზლის მოედანი -1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი - კაპიტალური რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი;

5. ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა - 6,0 მლნ ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს; 6. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა - 3 მლნ ლარი; 7. ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა;

გარდა ამისა, ქალაქისათვის ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 600 000 ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 400 000 ლარის მოზიდვა", - განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, მისივე განმარტებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც 19 მლნ ლარია საჭირო.