2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება

მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

"ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით - მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება", - განაცხადა ხადურმა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, მთავრობა აგრძელებს ზრუნვას, რომ ეკონომიკა განვითარდეს.

"თითქმის მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. პირველად მილიარდს მიუახლოვდა განათლების სამინისტროს ხარჯებიც," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

პარლამენტი დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დეპუტატებს თავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.