ევროკავშირში ქართული პროდუქციის სუფთა ექსპორტი მატულობს

ქართული პროდუქციის წილი ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად მატულობს.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში სუფთა ექსპორტის, ანუ ექსპორტის რეექსპორტის გამოკლებით, 41%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ცეტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის მოცულობასა და თავისებურებებს სწავლობს, ზრდის ტენდენციით ხასიათდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,3%-ით გაიზარდა და 1568,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8,8%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს თუმცა, 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელო შემცირება (0,04%) აღინიშნება.

"რა არის საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს? - მთავარია არა იმდენად ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესება (თუმცა, ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია), რამდენადაც სერტიფიცირების პრობლემის მოგვარება. მიუხედავად ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ღია კარის პრინციპისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შევა ევროპის ქვეყნებში. მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უზრუნველყოფს ჩვენი, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას. მით უმეტეს, იქ ქართული პროდუქციის პოზიციები ყოველწლიურად ძლიერდება. ახალი კვლევის შედეგებს რომ გამოვაქვეყნებთ, ალბათ, ეს იქაც აუცილებლად გამოჩნდება", - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი ვახტანგ ჭარაია.

ხათუნა ჩიგოგიძე