პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გაზრდის შესახებ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები დეპუტატებმა 73 ხმით მიიღეს. დამტკიცებული კანონპროექტი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.

გარდა ამისა, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია - ვისკიზე, რომსა და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთის - 10 ლარამდე გაზრდა.

კანონპროექტის მიღება 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 90 მლნ ლარით ზრდის. მთავრობა პროექტის ინიცირებას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ხსნის.