IDFI სამინისტროების გამჭვირვალობის შესახებ კვლევას ავრცელებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ყველაზე გაუმჭვირვალე უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახდა.

ამის შესახებ კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ვითარება გაუმჯობესდა სასჯელაღსრულების სამინისტროში.

"ფაქტია, რომ შარშანდელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია, მაგრამ პრობლემა კვლავაც რჩება, რომელზეც მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. სასჯელაღსრულების სამინისტრომ წელს სრულად მოგვცა ინფორმაცია, რომელიც ძირითადად დეპარტამენტს ეხებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით ბატონ კახი კახიშვილს და დეპარტამენტი სრულად გვაძლევს ინფორმაციას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული უწყება შარშან დასახელებული იყო როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულება, მაგრამ წელს აქვთ გაუმჯობესება. უზენაეს სასამართლოში გვაქვს ახლა დავა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა ინფორმაციებს ვერ ვიღებთ. გაუარესება საგრძნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სახელდება, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე დაწესებულება, გაუარესება არის იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელიც შარშან დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე გამჭვირვალე უწყება. სამწუხაროდ, ადმინისტრაციას ამ თვალსაზრისით პრობლემები აქვს", - განაცხადა კლდიაშვილმა.