თამბაქოს სადისტრიბუციო კომპანია – აქციზის გადასახადის ზრდა თამბაქოს გაძვირებას გამოიწვევს

"ჯაფან თაბაქო ინთერნეიშენალის" კორპორატიულ საკითხთა მენეჯერის, ივა ხასიას აზრით, აქციზის გადასახადის ზრდა თამბაქოს ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა როდიდან და რამდენით, ძნელი სათქმელია. როგორც ხასიამ განაცხადა, ახალი ცვლილებებით, მხოლოდ აქციზის გადასახადი 45 თეთრამდე ძვირდება, რასაც ემატება დღგ. ხასია სომხეთიდან იაფი თამბაქოს კონტრაბანდის საფრთხეზეც საუბრობს.

"მოგეხსენებათ, ორი სახის აქციზია, ანუ იზრდება სფეციფიკური კომპონენტი 20 თეთრით და საერთო ჯამში ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი 1,20 ლარი იქნება. ასევე, 5%-დან 10%-მდე იზრდება ადვალური კომპონენტი. საერთო ჯამში, ეს იწვევს დაახლოებით 45 თეთრით მხოლოდ აქციზის გადასახადის გაძვირებას, ამას ემატება დღგ, რაც ბუნებრივია ფასზე აისახება, თუმცა ზუსტად რა მოცულობით და ზუსტად როდიდან აისახება, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რაც შეეხება არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს, მოგეხსენებათ, დღესდღეისობით რეგიონში არსებული სურათის გათვალისწინებით უკვე არსებობს მნიშვნელოვანი ფასთაშორისი სხვაობა თამბაქოს პროდუქციაზე, კონკრეტულად სომხეთთან მიმართებაში, საიდანაც, გვაქვს კიდევაც სამწუხარო გამოცდილება, როდესაც 2005 წელს თამბაქოს პროდუქციის უკანონოდ შემოდინება ხდებოდა", - განაცხადა ხასიამ და დასძინა, რომ თუ ასეთი მასშტაბებით გაგრძელდება მომავლშიც აქციზის ზრდა, ეს საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდება.

პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები დეპუტატებმა 73 ხმით მიიღეს. დამტკიცებული კანონპროექტი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.