გიორგი ქადაგიძე - 2016 წლის ბიუჯეტზე ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია

2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის დეფიციტის ზომა მისაღებია და შესაბამისად ბანკს მომავალი წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით დადებითი შეფასება აქვს.

"2016 წლის ბიუჯეტზე ჩვენ გვაქვს დადებითი დასკვნა გადაგზავნილი პარლამენტში. ჩვენი კომპეტენციის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჯამური ბიუჯეტის დეფიციტი არ აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%, რაც ამ ბიუჯეტით დაცულია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს და იმას, თუ როგორ არის გადანაწილებული თანხები, ქადაგიძის თქმით, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციას აღემატება, შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიუჯეტის მიზნობრიობაზე კომენტარი არ გააკეთა.

"რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის ზომას, ეს ზომა არის მისაღები და შესაბამისად ჩვენ გვაქვს დადებითი დასკვნა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

პარლამენტი დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს.