გიორგი ქადაგიძე - სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე შენარჩუნებული გვაქვს

ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს. ეს არის 3 თვის იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შეინარჩუნოს ადეკვატური სავალუტო რეზერვი, რომელიც არის გარანტი ჩვენი სტაბილურობის. ჩვენი მთელი ეს საქმიანობა და განვლილი პერიოდი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ განუხრელად კარგად ვასრულებთ ამ ამოცანას, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ გვაქვს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, არაერთხელ აღნიშნავს, რომ ისინი ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას სრულად მხარს უჭერენ და ამაში ახალი არაფერია. რაც შეეხება სავალუტო ფონდთან მიმდინარე მიმოხილვის დასრულებას, ქადაგიძის თქმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ვინაიდან ჯერ არ დასრულებულა სავალუტო ფონდთან მიმდინარე მიმოხილვა და იგეგმება, რომ მომავალი წლის დასაწყისში დასრულდეს, ალბათ ზედმეტი კომენტარის გაკეთება არასწორია", - განაცხადა ქადაგიძემ.