ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით თითქმის განახევრებულია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 2016 წლისთვის ანაზღაურების ფონდი ძირითადად მიმდინარე დონეზეა შენარჩუნებული. ამის შესახებ ხადურმა პარლამენტში, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

"2016 წელს 2015 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ფონდი 61,9 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული. კერძოდ, პირველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო" აქამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებოდა, ხოლო 2016 წლიდან სრულად მოხდება მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. ეს არის 43 მილიონი ლარი. მოგეხსენებათ, მომავალ წელს არჩევნებია და 20 მილიონით იზრდება საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა უწყებებში შრომის ანაზღაურების ფონდი ძირითადად შენარჩუნებულია მიმდინარე დონეზე. არსად არ არის ხელფასების ზრდა. რამდენიმე უწყებაში, მაგალითად ფინანსთა სამინისტროში შემცირებულია ხელფასების მოცულობა", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა მაღალი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"რაც შეეხება თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებასა და დანამატებს, რომლებზეც ბევრს საუბრობთ, მინისტრების ჯამური ანაზღაურება 2015 წლის ცხრა თვეში 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული; მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება - 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით მიმდინარე წლის ცხრა თვეში შემცირებულია 10%-ით. მინდა ფინანსთა სამინისტროზეც მოგახსენოთ: ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით 2015 წლის ცხრა თვეში შემცირებულია 40%-ით, ანუ თითქმის განახევრებულია", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.