ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩვენ ვიქნებით ევროპაში მესამე ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ ოფიციალურად დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან მის შეხვედრაზე იქნა მიღებული, გუშინ კი დასრულდა ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში.

"ჩვენ გასულ წელს გავხსენით ევროპის 500-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რომელიც არის მიჩნეული, როგორც საუკეთესო ბაზარი. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა გააქტიურება, მეტი ინფორმაცია და ბიზნესის ჩართულობა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვყნებთან და ახლა ვუბრუნდებით ჩინეთს. ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში. ეს არის მილიარდ 400-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ქართველმა მეწარმეებმა გაიტანონ აბსოლუტურად ნულოვანი დაბეგვრით ნებისმიერი სახის პროდუქცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

"ჩვენ ვიქნებით მთელს ევროპაში მესამე ქვეყანა, თუ არ ვცდები, შვეიცარიასა და ნორვეგიის შემდეგ, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. მე იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტის მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის. მინდა მივმართო ქართველ მეწარმეებს, თავიდანვე დაინტერესდნენ ამ საკითხით და დაიწყონ მომზადება. ჩვენ უნიკალურ ცენტრს შევქმნით საქართველოში, ევროპის და აზიის დამაკავშირებელს, რაც ჩვენი ისტორიული მისიაა, ამის შესრულებას ვიწყებთ რეალურად დღეს ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.