საფრანგეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით თანხების მოძიებას ითვალისწინებს

საფრანგეთთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით თანხების მოძიებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პლენარულ სხდომაზე მიაწოდა.

"ორი დღის წინ ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას, რომელიც დღეს მთავრობაზე გავა და მომავალ კვირას პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება. ეს არის ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს თანხების მოძიებას, დაკრედიტირებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის განხილვა მიმდინარეობს. საბიუჯეტო პროექტი დეპუტატებს ნოდარ ხადურმა წარუდგინა.