ნოდარ ხადურმა გიორგი ქადაგიძეს მადლობა გადაუხადა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლისათვის გაცვლით კურსთან დაკავშირებით უცხოელ სპეციალისტებსა და მაკროეკონომისტებს, "საკმაოდ საინტერესო პროგნოზები აქვთ".

"მომავალი წლისათვის გაცვლითი კურსის პროგნოზისგან ცხადია, თავს შევიკავებ, თუმცა საკმაოდ საინტერესო პროგნოზები აქვთ უცხოელ სპეციალისტებს, უცხოელ მაკროეკონომისტებს, კომერციულ სტრუქტურებთან მომუშავეებს. ამას წინათ "საქართველოს ბანკის" ღონისძიებაზე ერთ-ერთი ექსპერტი იყო ჩამოსული. მომავალი წლისათვის ლარის გამყარებას ის დაახლოებით 10%-ით ელოდება. ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხადურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.

"გავიმეორებ გიორგი ქადაგიძის სიტყვებს, რომ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ბიუჯეტი იყო ნეიტრალური და ბიუჯეტს ზეგავლენა არ მოუხდენია. ეს დღეს ბატონმა გიორგიმ განაცხადა, რისთვისაც მას მადლობას ვეტყვი", - განაცხადა ხადურმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის განხილვა მიმდინარეობს. საბიუჯეტო პროექტი დეპუტატებს ნოდარ ხადურმა წარუდგინა.