ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში გაიმართება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში გაიმართება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთში მისი ვიზიტის დროს ხელი მოეწერა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს შეთანხმებულ მემორანდუმს.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარის მონდომება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებების რაუნდი და შევთანხმდით, რომ პირველი რაუნდი გაიმართება უკვე იანვარში. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ოქტომბრისთვის ამ მოლაპარაკებებს დავასრულებთ, რაც უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გახდეს ის სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება ამდენი პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმება. ეს თავისთავად საწინდარია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა იმიტომ, რომ ეს არის შესაძლებლობა როგორც ევროპის, ისე ჩინეთის ბაზარზე შესვლის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ჩინეთში მისი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომა. ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციასთან, სადაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.