საქართველოს მთავრობა სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს გამოაქვს.

"ასურეთში არის გერმანული უნიკალური არქიტექტურა, ძველი გერმანული სოფელი, გერმანული სახლები, ასევე გერმანელთა საფლავები და ჩვენ ვაპირებთ გაისად დავიწყოთ უკვე სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება ლუთერანული ეკლესიის სრული რეაბილიტაცია, ასევე ძველ იერსახეს დავუბრუნებთ გერმანულ სახლებს. მოვაწესრიგებთ საფლავებს, გზებს, განათებებს იმისთვის, რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიული კულტურული ადგილი არა მარტო გერმანელებისთვის, არამედ სხვა ტურისტებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება. ნოდარ ჯავახიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ გზების ნაწილში პროექტირებას დიდი დრო არ დასჭირდება. სახლების რეკონსტრუქციას კი ასევე გერმანელებს დაუკვეთავენ.

"ვესაუბრეთ გერმანიის საელჩოს და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ასევე ჩავრთეთ ჩვენი საელჩო გერმანიაში. სოფელთან ახლოს არის უნიკალური, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული ღვინის ქარხანა ძალიან საინტერესო საცავებით. მისი მფლობელი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ის თანახმაა ინვესტირება განხორციელდეს. იმედია, მალე მოვძებნით გერმანელ ინვესტორს. რატომღაც მაინცდამაინც გერმანელი ინვესტორი მინდა", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მინისტრის თქმით, იქ, სადაც ადრე ვენახები იყო გაშენებული, ახლა ხორბალი და ქერი არის დათესილი და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყურძნის კულტურა აღდგება.