ტურიზმის ადმინისტრაციამ საზოგადოებას ღვინის ტურიზმის განვითარების 2016 წლის გეგმის სამუშაო ვერსია გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საზოგადოებას ღვინის ტურიზმის განვითარების 2016 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია გააცნო. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმრო "ციტრუსში" გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღვინის ეროვნული სააგენტოს, სომელიეთა ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის და ღვინის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მომავალ წელს, 7-9 სექტემბერს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების წარმატების ჩატარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღვინის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების მიზნით შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის გამართვის შესახებ ოფიციალურად 1 თვის წინ ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ განაცხადეს.