სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის რესტორანი დაიწვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის ჯონ უერდმანის კუთვნილი 200 კვადრატული მეტრის ფართობის რესტორანი დაიწვა.

საცხოვრებელი სახლის ჭერზე ცეცხლის გადასვლის შემდეგ მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს და ცეცხლის სახლზე გავრცელების საშიშროება აღიკვეთა. ხანძრის გავრცელების საშიშროება "თიბისი ბანკის" ფილიალზეც არსებობდა, თუმცა ცეცხლი აღნიშნულ ობიექტზე არ გავრცელებულა.

ხანძარი ლოკალიზებულია და ამ წუთებში ცალკეულ კერებზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მუშაობდა 150 მეხანძრე-მაშველი, ასევე 18 სახანძრო-სამაშველო ერთეული, მათ შორის, სამი თბილისიდან. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თბილისის ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ბიზნესმენი ჯონ უერდმანი ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.