პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის ბუჯეტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 11 დეპუტატი წავიდა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული.

"საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა მთავრობას და დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელმაც გადააჭარბა 10 მილიარდ ლარს და ამავე დროს არის ბიუჯეტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებს. ეს არის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, განათლებაზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას დავპირდით 2012 წლის არჩევნებამდე, სრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.