ფინეთში თითოეული მოქალაქე ყოველთვიურად 850 დოლარს მიიღებს

ფინეთის მთავრობა გეგმავს, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვიურად 850 დოლარი გადაუხადოს. არ ექნება მნიშვნელობა, მოქალაქე დასაქმებულია თუ უმუშევარი. ამას გარდა, აღნიშნული თანხა არ დაიბეგრება. თუმცა, ამასთან იგი ჩაანაცვლებს ყველა სახის სოციალურ დახმარებას, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინეთის მოქალაქეები ამ დრომდე იღებენ.

ერთი შეხედვით, ფინეთის ხელისუფლების იდეა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდას გამოიწვევს, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ გადაწყვეტილებით მთავრობას საპირისპირო შედეგის მიღწევა სურს. ყოველთვიური საშუალო ხელფასი ფინეთში 3 600 დოლარია, 850 დოლარი კი ამ თანხასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ამიტომაც ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდება. ამ დროისათვის კი ფინეთში უმუშევრობის დონე რეკორდულად მაღალია.