კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მოქალაქე ზურაბ გედევანიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე. ელექტრო სასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს, ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.