"პარტნიორობაში ვიქნებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარეობს"

საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების ჩატანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მნიშვნელობას.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დათვლილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თითოეული კონტეინერი, რომელიც საქართველოში გაივლის.

"ეს მარშრუტი სხვა მარშრუტებთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება, თუმცა ჩვენ პატრნიორობაში ვიქნებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარეობს. დღეს საუბარი იყო ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლა შავის ზღვის მეშვეობით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში. დათვლილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული კონტეინერი, რომელიც საქართველოში გაივლის. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს განვითარების ისტორიაში", - განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.

თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი დღეს ფოთში ჩავა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნება.