თბილისს წარმატებული რეფორმების გასაცნობად ბელორუსის დელაგაცია სტუმრობს

26-27 ნოემბერს, თბილისს ბელორუსის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საქართველოში განხორციელებული საგადასახადო, საბაჟო და ელექტრონული მმართველობის რეფორმების გაცნობა იყო.  ბელორუსის ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო, საბაჟო და შემოსავლების დეპარტამენტების ხელმძღვანელებს „პი ემ სი კვლევითმა ცენტრმა“(PMC Research) უმასპინძლა.

კვლევითმა ცენტრმა სტუმრებს გააცნო ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაცია, გადასახადების გადამხდელებისთვის დამატებითი ბარიერების მოხსნისთვის; ბიუროკრატიული პროცედურების მინიმალურ დონეზე დაყვანის მნიშვნელობა; ეფექტური ელექტრონული მმართველობის (e-government) სისტემის დანერგვის აუცილებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ესტუმრა საჯარო დაწესებულებებს, მათ შორის იუსტიციის სახლს, შესყიდვების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს. ისინი ადგილზე გაეცნენ განახლებული მექანიზმების და სისტემების ეფექტიანობას.

“ძალიან მოხიბლული ვარ იმ შედეგებით, რასაც საქართველომ მიაღწია. ბელორუსმა უკვე დაიწყო მსგავსი სისტემების დანერგვა. იმ პირებთან შეხვედრა კი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ რეფორმის განმახორციელებლები, დაგვეხმარება ამ რეფორმების უფრო ეფექტურად განხორციელებაში“, - თქვა საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, რომან გუპოლოვიჩმა.

ვიზიტი განხორციელდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. თანამშრომლობის ფარგლებში, PMC Research მეორე შეხვედრას გამართავს მინსკში, სადაც ბელორუსის წარმატებულ გამოცდილებას საქართველოსთან ერთად, ვიშეგრადის ქვეყნები (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) გაუზიარებენ.

(R)