ზურაბ მელიქიშვილი - ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა გაღარიბდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა გაღარიბდა. მელიქიშვილი აღნიშნულ შეფასებას "საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს და განმარტავს, რომ ამის გადაფარვას საქართველოს მთავრობა და მათ შორის ფინანსთა მინისტრი გაუფასურებული ლარის პარამეტრებით ცდილობენ.

"თუმცა, ყველას შეუძლია რეალური სურათი "საქსტატის" ოფიციალურ ინფორმაციაში იხილოს, სადაც საქართველოს ეკონომიკა გამოსახულია დოლარში და იმ რეალურ გაღარიბებას ასახავს, რასაც თითოეული მოქალაქე გრძნობს. აღნიშნული სტატისტიკის შესაბამისად, თვალნათლად ჩანს, რომ 2015 წლის პირველ 2 კვარტალში, გასული წლის პირველ 2 კვარტალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 940 მილიონი დოლარით შემცირდა. რომ შევადაროთ მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალში დოლარში შემოსავალი, მხოლოდ 8 დოლარით გაიზარდა 2015 წლის მე-2 კვარტალში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს დაანგარიშებულია 3 მილიონ 700 ათას მოსახლეზე, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელი ძველი აღრიცხვით არსებულ რაოდენობაზე. აქაც მხოლოდ 8 დოლარზეა საუბარი", - განაცხადა მელიქიშვილმა და დასძინა, რომ მშპ დოლარში არ ანგარიშდება, თუმცა ეს არის ინფორმაცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ინვესტორები იყენებენ.