იენ აშერის "ბიზნესის" უნიკალური ისტორია: საკუთარი ცხოვრების გაყიდვა

თუ თქვენ ოცნების ასრულება გსურთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, მიბაძეთ იენ აშერის მაგალითს - გაყიდეთ თქვენი ცხოვრება.

მარკ ცუკერბერგის ბიზნესისა და "ფეისბუქის" ისტორიისგან განსხვავებით, აშერის ისტორია მისი უკმაყოფილებით დაიწყო - მას მოსწყინდა წინანდელი ცხოვრება, მუდმივი უფულობა და ერთფეროვნება და გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა ის, რაც პრინციპში არ სჭირდებოდა - საკუთარი ცხოვრება. აშერმა მოახერხა მისი გაყიდვა, თანაც - მთლიანად! იენი მუდამ ოცნებობდა ისეთ საინტერესო სამუშაოზე, რომელიც მოეწონებოდა, ასევე საკუთარ ოჯახზე, სადაც ის ეყვარებოდათ, თუმცა სამწუხაროდ, მას არც პირველი გააჩნდა და არც მეორე.

მცირე ისტორია აშერის შესახებ

50 წლის აშერს საკუთარი ბიზნესი არ ჰქონდა და პატარა მაღაზიაში ნოხებს ყიდდა. არადა, ნოხები მას სრულებით არ აღელვებდა. ცხოვრება ერთფეროვანი და უინტერესო იყო, ამასთან ცოლმაც მიატოვა, რამაც საბოლოოდ ამოაგდო კალაპოტიდან. იენი მიხვდა, რომ კარდინალური ცვლილებების დრო იყო და გარდამტეხი მომენტი დადგა. მან იდეალური გამოსავალი ნახა - საკუთარი ცხოვრება eBay-ის პოპულარულ ინტერნეტ-აუქციონზე გაყიდა.

აშერმა განათავსა ლოტი, რომელშიც შედიოდა მისი სახლი, ავეჯი, ტექნიკა, მოტოციკლი, ავტომობილი, მოწყობილობა პარაშუტით ხტომისთვის, ჰიდროციკლი, სამსახური და მეგობრებთან ნაცნობობაც კი. ლოტის აღწერილობა კი ასეთი გახლდათ: "ჩემი ცხოვრება მომწყინდა. აღარ მჭირდება". ლოტის საწყისი ფასი სულ რაღაც 1 დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ მსურველს, აუქციონის სხვა მონაწილეებისგან კონკურენციის უქონლობის შემთხვევაში იენის ცხოვრების გამოსყიდვა მხოლოდ 1 დოლარად შეეძლო. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

აუქციონი 7 დღეს გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში ლოტის ფასი 305 ათას დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის დასრულების შემდეგ აშერი საკუთარი პასპორტისა და 305 ათასი დოლარი ნაღდი ფულის "ამარა დარჩა".

ახალი ცხოვრება აუქციონის შემდეგ

იენმა განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა მოგზაურობაზე  და ოცნების ახდენის შესაძლებლობა მიეცა. თუმცა მოგზაურობამდე სია შეადგინა, სადაც 100 მიზანი მონიშნა და მათი განხორციელებისთვის 100 კვირა დააწესა. მერე ბილეთი იყიდა და დუბაიში გაფრინდა პირველი ოცნების ასასრულებლად - ესრიალა თხილამურებზე კაშკაშა მზის ქვეშ. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იენი განუწყვეტლივ მოგზაურობდა და ეგზოტიკური თავგადასავლების ძიებაში იყო: ცურავდა ვეშაპებთან ერთად იაპონიაში, დარბოდა ხარებთან ერთად ინდოეთში,  სეირნობდა ჩინეთის დიდ კედელზე, ნახა მსოფლიოს ყველა დიდი ჩანჩქერი, მართა თვითმფრინავი. უფრო მეტიც - ჰოლივუდშიც კი გადაიღეს, მართალია ეპიზოდურ როლში, მაგრამ მაინც.

ორი წლის განმავლობაში იენ აშერმა 270 ათასი დოლარი დახარჯა და 100 მიზნიდან 93 განახორციელა. დანარჩენის მიღწევა კი დროებით გადადო, რადგან მხოლოდ ისეთი წვრილმანები დარჩა, როგორიც მაგალითად, "გააზრებული სიზმრის ნახვის სწავალა"... ამის ნაცვლად აშერმა 30 ათას დოლარად პანამის მახლობლად მომცრო კუნძული იყიდა, სახლში ააშენა და აქ დასახლდა. ბოლო რამდენიმე წელია აშერი სწორედ ამ სახლში ცხოვრობს მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელიც კანადაში ყოფნისას გაიცნო.

ბედნიერია თუ არა იენი ახლა? - რასაკვირველია, კი და ამის შესახებ ყოველთვის საჯაროდ საუბრობს და როგორც ამბობს, აღარასოდეს აპირებს დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რომელსაც არავინ იცის, რა ბედი ეწია.

იენი ბევრისთვის გახდა მისაბაძი მაგალითი, რაზეც eBay-ზე განთავსებული ათასობით განცხადება მეტყველებს, რომელთა ავტორებმაც იენის გზას დადგომა და საკუთარი ოცნებების ასრულება გადაწყვიტეს.

დუდანა ზაქარაია