კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ ან ექნებათ წარმოება მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ

კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ ან ექნებათ წარმოება მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს მთის განვითარების კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს, მათ შორის, ერთ-ერთი ეს არის სტატუსის მინიჭებისა და შეჩერების საკითხი.

"მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადი რეესტრის წამყვანი იქნება შემოსავლების სამსახური, რომელსაც უნდა მიმართონ კომპანიებმა, რათა მათ მიენიჭოთ ეს სტატუსი. შემდეგ უკვე დამუშავებულ პროექტს საქართველოს მთავრობაზე ფინანსთა სამინისტრო წარადგენს და მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის შეღავათები, რასაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მოქმედი საწარმოები მიიღებენ, შექმნის სამუშაო ადგილებს, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის.

"დღეს წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრაქტიკულად, ყველა კომპანიას, რომელსაც აქვს, ან ექნება წარმოება იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც კანონი დაფარავს, ეძლევა შესაძლებლობა, რომ შემოსავლების სამსახურს მიმართოს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული წამახალისებელი ზომა მოიზიდავს მწარმოებელს და წარმოებას მაღალმთიან სოფლებში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის განვითარებისთვის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.