საქართველოს სოფლების 45%-ს, კერძოდ, კი 1600 პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

საქართველოს სოფლების 45%-ს, კერძოდ კი 1600 პუნქტს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ჟურნალიტებს მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა განუცხადა.

როგორც შერგელაშვილმა აღნიშნა, დღეს კომისიამ განიხილა 1600 დასახლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს, თუმცა მუშაობა გაგრძელდება, რომ ამ სიას გარკვეული დასახლებები დაემატოს. მისი თქმით, სპეციალური შუამდგომლობები მუნიციპალიტეტებიდან წამოვა და 1-ელ აპრილამდე გაირკვევა, თუ კიდევ რა დასახლებები შეიძლება დაემატოს აღნიშნულ სიას.

როგორც შერგელაშვილმა განმარტა, მაღალმთიანის დასახლების სტატუსის მქონე სოფლისთვის საგადასახდო შეღავათების სრული პაკეტი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, ასევე 1-ელი იანვრიდან სოციალური შეღავათებიდან ამოქმედდება მხოლოდ დახმარება ახლადშეძენილ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება სოციალური შეღავათების სრულ პაკეტს, შერგელაშვილის განმარტებით, ის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და მოიცავს მათ შორის, პენსიონერებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისა და მასწავლებლებისთვის გათბობის პროგრამას და ა.შ. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კონკრეტული საწარმოსთვის, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭება, საგადასახადო შეღავათები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

"თავად ამ სოფლების სია, რაც დღეს დამტკიცდა, არ იქნება გადახედილი 10 წლის განმავლობაში, ანუ აქედან ამოღება არ მოხდება, შეიძლება, მხოლოდ დაემატოს. რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, ეს კანონშია გაწერილი, ვადიანი არ არის და ვიდრე კანონის ეს ნორმა იმოქმედებს, აღნიშნული შეღავათებიც იქნება", - განაცხადა შერგელაშვილმა და დასძინა, რომ სია მოიცავს საქართველოს სოფლების 45%-ს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, შერგელაშვილის თქმით, ის არის გადანაწილებული სამინისტროების ასიგნებების მიხედვით და ჯამში, მხოლოდ სოციალურ შეღავათებზე 2016 წელს 40 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო 2017 წელს, რადგან 12 თვეს მოიცავს, ეს თანხა გაიზრდება.

"გარდა ამისა, შეიქმნა ბიუჯეტში მთის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტი არის 20 მილიონი და ეს უკვე გაწერილია 2016 წლის ბიუჯეტში. ასე რომ, 2016 წელს ეს ხარჯები იქნება 60 მილიონის ფარგლებში, ხოლო 2017 წელს გაცდება 100 მილიონს", - განაცხადა შერგელაშვილმა.

რაც შეეხება საწარმოებს, შერგელაშვილის თქმით, მათ ექნებათ საგადასახადო შეღავათი, ეს არის მოგებისა და ქონების გადასახადი და ასევე, თუ ადგილზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ ადამიანებს დაასაქმებენ, ისინი საშემოსავლო გადასახადში შეღავათით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკური პირები ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით 10 წლის განმავლობაში.