ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდს რეაბილიტაცია უტარდება

ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდს სრული რეაბილიტაცია უტარდება. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მთლიანად შეიცვლება როგორც საავტომობილო, ასევე ფეხით სავალი ნაწილი, ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ე.წ. სილამაზის ხიდი ბორჯომის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

"მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაკიდული ხიდების კატეგორიას ეკუთვნის. ყოველდღიურად ხიდის დინამიური რყევები აზიანებდა სავალ ნაწილს, რის გამოც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მისი შეკეთება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა. ხიდზე სამუშაოები ბოლო რამდენიმე წელია არ განხორციელებულა. სამუშაოებისთვის 103 441 ლარია გამოყოფილი და მას შპს "პრემი" ასრულებს", - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ხიდების რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 284 895 ლარი დაიხარჯა.