დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 13 995 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, ხოლო გადამუშავებულია - 2 869 ტონამდე ციტრუსი.

აღსანიშნავია ასევე, რომ სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 574 330 ლარს შეადგენს (აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 286 880 ლარია).

"მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში. 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და ოფიციალური ვებგვერდი www.apma.ge", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას სამი ქარხანა აწარმოებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში - კომპანია ,,Georgian Industrial Asset Management Group" და შპს ,,TCF Georgia", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - კომპანია ,,GEO-Flowers". სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 11 305 ტ. (80.78 %), უკრაინა 1 586 ტ. (11.33 %), სომხეთი 489 ტ. (3.49 %), აზერბაიჯანი 163 ტ. (1.16 %), ყაზახეთი 256 ტ. (1.83 %), ბელორუსი 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები 34 ტ. (0.24 %).