ნოდარ ხადური - "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ითვალისწინებს

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი ინვესტიციების სტიმულირებასა და ამ დასახლებების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კანონი 1 იანვრიდან შედის ძალაში და მნიშვნელოვანია ორი მიმართულება.

"მნიშვნელოვანია 2 მიმართულება - სოციალური დახმარებები, მათ შორის, 1 სექტემბერიდან მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრებლებისთვის პენსია გახდება 216 ლარი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მასწავლებლების, ექიმების, ექთნების შრომის ანაზღაურების ზრდა, სოციალური დახმარებები ბავშვებითვის", - განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, 1 იანვრიდან უკვე რეალურად ამოქმედდება საგადასახადო შეღავათები იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში იქნებიან განთავსებულები და ეს შეეხება მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებს.

"ამავე დროს, დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან უკვე რეალურად ამოქმედდება საგადასახადო შეღავათები საწარმოებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში იქნებიან განთავსებულები. ეს შეეხება მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებს. პრაქტიკულად, ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონებისთვის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ხადურმა.