მუნიციპალური განვითარების ფონდი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამის სტრუქტურებში გაიარონ სტაჟირება, აიმაღლონ ცოდნა და კვალიფიკაცია. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახაბერ შენგელიამ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ფონდის მიერ გამოცხადებული ვაკანსიისა და სტაჟირების შესახებ პირველწყაროდან მიიღებენ ინფორმაციას. სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას და დააკმაყოფილებენ ფონდის მიერ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ მგფ-ში. მგფ-ის მენეჯმენტთან შეხვედრაზე სტუდენტებს ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას სამომავლოდ სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც გეგმავს.