დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთი ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე შესვლას მიესალმება

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი ნიშა დავიჭიროთ ამ მიმართულებით.

ჩინეთი ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე შესვლას მიესალმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური კომისიის ოქმში პირდაპირ დაფიქსირდა, რომ ჩინური მხარე მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ქართული ღვინის პრომოციას ჩინეთის ბაზარზე.

"დღესდღეობით იქ არსებობს ორი ღვინის ცენტრი. ორივე მათგანი ჩვენი მხრიდან - სოფლის მეურნეობისა და ღვინის სააგენტოს დიდი ძალისხმევით შეიქმნა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ჩინური მხარე გამოფენებსა და მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის მონაწილეობას მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.

"დიდი ალბათობით, იმ გადასახდელი ხარჯისგან, რაც იქ გვექნება, გაგვათავისუფლებენ. ჩვენ ასევე ჩინურ მხარეს რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, რაზეც დაიწყება დისკუსია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი ნიშა დავიჭიროთ ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის შესვლას და ობიექტურად მოსწონთ იმიტომ, რომ ძალიან კარგი ხარისხი გვაქვს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.