ოთარ დანელია ადასტურებს, რომ EBRD-სთვის შეძენილი ავტომანქანების ნაწილი მის უწყებას გადაეცა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია EBRD-ისთვის შეძენილი ავტომანქანებით სარგებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ავტოპარკი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმოეცა, მისი და მოადგილეების გადაადგილების საჭიროებებს მოხმარდა, ხოლო მაღალი გამავლობის მანქანები სამორიგეო ავტოპარკში გადავიდა, რომლითაც ნებისმიერი თანამშრომელი სარგებლობს.

"მინდა გამოვეხმაურო EBRD-ის თემასთან დაკავშირებით განცხადებებს, რომელთა დაკავშირებითაც, სამწუხაროდ, მე ფიზიკურად დროის უქონლობის გამო ვერ გავაკეთე კომენტარი. საერთოდ სასურველია, რომ შინაარსიანად იყოს შესწავლილი ეს მიმართულებები და უხერხულობების თავიდან ასაცილებლად, შემდეგ გაკეთდეს განცხადებები - ის ავტოპარკი, რომელიც გადმოეცა სამინისტროს, მოხმარდა ჩემი და მოადგილეების გადაადგილების საჭიროებებს, ხოლო რაც შეეხება მაღალი გამავლობის მანქანებს, გადავიდა სამორიგეო ავტოპარკში, რომლითაც ნებისმიერი თანამშრომელი სარგებლობს, როდესაც რეგიონში გადის", - განაცხადა დანელიამ.

ტელეკომპანია "რუსთავს 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 718 000 ლარად EBRD-ისთვის შეძენილი 67 ახალი ავტომობილით მმართველი გუნდის წევრები სარგებლობენ, თუმცა მანამდე საკოორდინაციო საბჭოში ამბობდნენ, რომ ახალი ავტომობილები გაიყიდებოდა და თანხა უკან დაბრუნდებოდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტომობილების ნაწილით პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ნაწილით კი, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები სარგებლობენ. მათივე ინფორმაციით, ახალი ავტომობილებით სარგებლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მისი მოადგილეები.