ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე საცდელმა სატვირთო მატარებელმა წარმატებით გაიარა

შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზისა" და "აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის ერთობლივი ორგანიზებით, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო მატარებლის საცდელი გავლა წარმატებით განხორციელდა. როგორც "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" წარმომადგენლები აცხადებენ, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროექტის წარმატებით დასრულებისკენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და მას დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს.

"პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ", - აცხადებენ სამინისტროში.