ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ონლაინ პორტალი ამოქმედდა

ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ონლაინ პორტალი ამოქმედდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და საძიებო სისტემის შემუშავების მიზნით, სებ-მა ონლაინ საძიებო პორტალი შექმნა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ელექტრონული პორტალი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება მიბმული და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მარტივად მოიძიოს საქართველოს საფინანსო სექტორთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო სამართლებრივი აქტები ელექტრონულად, როგორც მოქმედი, ისე ძალადაკარგული, ასევე მათი ვერსიები.

"სისტემის საძიებო საიტი საშუალებას მისცემს მომხმარებელს, მოიძიოს დოკუმენტი სათაურში სიტყვით ან ფრაზით, დოკუმენტის ნომრის მიხედვით, დროის პერიოდის მიხედვით, წლების მიხედვით, დოკუმენტის თემატიკის, დოკუმენტის მიმღები ორგანოსა და ხელმომწერი პირის მიხედვით და ა.შ. პორტალის მისამართია - www.legal.nbg.gov.ge, რომელზე გადასვლა ეროვნული ბანკის ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორს სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო შესთავაზა. გამოცემა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების კრებულს წარმოადგენს.