"ვხედავ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყაზახეთს ცოტა ყურადღებას აქცევს"

რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ყაზახური ინვესტიციებით დაინტერესებული არ არის.

ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევმა "ეხო კავკაზთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჟურნალისტის კთხვაზე, კმაყოფილია თუ არა ყაზახეთი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობით, ელჩმა განაცხადა: "ვხედავ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყაზახეთს ცოტა ყურადღებას აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ძალიან დიდი ფული ჩავდეთ", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, გასული წლის ნოემბერში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთს ეწვია, ყაზახეთის პრემიერმა ქარიმ მასიმოვმა საინვესტიციო კუთხით მუშაობის დაწყება შესთავაზა, თუმცა ქართული მხრიდან ამას დღემდე პასუხი არ მოჰყოლია.

"ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს საქართველო არ არის დაინტერესებული, რომ აქ ყახაზური კაპიტალი შემოვიდეს, შეისყიდოს ობიექტები, შექმნას სამუშაო ადგილები და ა.შ." ,  - განაცხადა ელჩმა.

მისი შეფასებით, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ყაზახეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, საქართველო-ყაზახეთს შორის ტვირთბრუნვის მოცულობის კლება შეინიშნება.