საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის შესახებ უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 3 ქვეყნიდან გადამღები ჯგუფების 20-ზე მეტი მონაწილე ეწვია და პოპულარულმა ტელეკომპანიებმა საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სიუჟეტები მოამზადეს.

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა 2 კვირის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, გუდაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის კახეთისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. რეპორტაჟებში აქცენტი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალზე, ქართულ კულინარიასა და ფოლკლორზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებზე გაკეთდა. ჯამში 20-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში უკრაინული ტელეკომპანიის 1+1 -ის დილის გადაცემის "დილა მშვიდობისა უკრაინას" და ყაზახური ტელეკომაპანიის "ხაბარის" დილის პროგრამით და ბელორუსის ტელეკომპანიის პირველი არხის ეთერში გადაიცემა. სიუჟეტები მილიონობით მაყურებელმა იხილა. უკრაინა და ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ თხუთმეტეულში უკრაინა - მე-5 ადგილს, ყაზახეთი - მე-9 ადგილს, ბოლო ბელორუსი 11-ე ადგილს იკავებს", – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 11 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს უკრაინიდან - 133087 საერთაშორისო მოგზაური, ყაზახეთიდან - 34726, ბელორუსიდან კი 27594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.