ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც ენერგეტიკისა და წიაღისეულის მოპოვების Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს ბანკის მიერ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამ მიმართულებით მათ მიერ შემუშავებული წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს.

ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, ზოგადად, ბაზრის დერეგულაციისა და აღნიშნულ სფეროში კერძო-საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფორმატის უფრო აქტიური გამოყენების მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიო ბანკთან ერთად მზადაა, კომპლექსურად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ენერგოდამოუკიდებლობისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბაკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.