მთავრობის გადაწყვეტილება მანქანებს 30%-ით გააძვირებს

2016 წლიდან საქართველოში ძველი ავტოტრანსპორტის განბაჟება ძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მართალია, შედარებით ახალ მანქანებზე გადასახადი შემცირდება, თუმცა სპეციალისტთა გათვლით, ეს ავტობაზარზე ფასების კლების თვალსაზრისით გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო ჯამში, მანქანების ფასი 30%-ით გაიზრდება. როგორც ცნობილია, მთავრობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს და წესებს ამკაცრებს. ახალი ცვლილებით, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ მოხდება, საგზაო წესების დარღვევაზე კი ჯარიმები მოიმატებს.

სამაგიეროდ, შეღავათიანი პირობები ამოქმედდება 3-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით და ის უფრო იაფი ეღირება. ხოლო მნიშვნელოვნად გაიზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავათიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტმობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ოდენობასთან მიმართებით საკმაოდ სოლიდური ციფრია.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი - 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები შეადგენს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროექტის ავტორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი "საგადასახადო კოდექსით" განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება.

"ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული განაკვეთები 2004 წელს დადგინდა, როდესაც სატრანსპორტო სფეროში დღევნადელისგან კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო. გარდა ამისა, არსებულ განაკვეთებს იმ პერიოდში ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტი მოჰქონდა, ვიდრე ახლა. შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია, ვირე არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტმობილებზე აქციზის განაკვეთების ცვლილება, არსებული რეალობის გათვალისწინებით. აქციზის განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად, ძველი ავტომობილების იმპორტისათვის გარკვეული ბარიერის შექმნას, მაღალი გადასახადის სახით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ერთვის თან.

შსს-ს ინფორმაციით, ვინაიდან აქციზით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების კატეგორია იბეგრება, განაკვეთების გაზრდა კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს ნაკლებად შეეხება და შესაბამისად, არ გახდება ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი. "ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ავტოპარკის განახლების აუცილებლობით", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც ცნობილია, განბაჟებისას აქციზის გადახდა ძრავის მოცულობის 1 კუბური სანტიმეტრის მიხედვით ხდება. დღეს 1 წლის ავტომობილის ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრისთვის 1,5 ლარია გადასახდელი, გამოშვების წლების მატებასთან ერთად ეს თანხა იკლებს და 0,5 ლარამდე მცირდება, როცა მანქანის ასაკი 7-დან 12 წლამდე დიაპაზონშია. შეიცვლება სწორედ ეს პრინციპი - ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისთვის კი - მოიმატებს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის თქმით, განბაჟების ახალი პროცედურის საფუძვლეზე ძველი ავტომობილის აქციზი მოიმატებს. ეს კი, ზოგადად ავტმობილების ფასის, სავარაუდოდ, 30%-იან ზრდას მოასწავებს. ავტომობილის შეძენა საკმაოდ ძვირი იქნება და მისი ყიდვის საშუალება ყველას არ ექნება, როგორც ადრე იყო.

"9 წლის ზემოთ ავტომობილის განბაჟება გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ახლის. ვთქვათ, თუ 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილს შეიძენთ, მისი განბაჟება 4 ათასი ლარი დაგიჯდებათ, 7 წლის იმავე მოცულობის ძრავის მქონე მანქანის განბაჟება - 7 ათასი, შედარებით ახალი ავტომობილებისა კი - კიდევ უფრო ნაკლები. ეს ავტოპარკის განახლების წასახალისებლად კეთდება. რეალურად მივიღებთ ასეთ სურათს, რომ ძველი ავტომობილების ფასი აიწევს და მიუახლოვდება შედარებით ახალი ავტომობილების ფასს განბაჟების ამ სხვაობის გამო. თანხის გათანაბრება კი ავტომობილის გაიაფების ხარჯზე კი არ მოხდება, არამედ გაძვირების ხარჯზე. ამიტომაც გაისად ავტმობილების ფასი 30%-ით გაიზრდება. ზოგადად გაძვირდება მანქანები და მასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესიც. შეიძლება ტაქსიც გაძვირდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა.

ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ძველი ავტომობილები აღარ შემოვიდეს და ინტერესი ასეთი მანქანების მიმართ დაიკარგოს. ასეთი მოდელი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მაგალითად ზოგან ძველი მანქანის შენახვა და ყოველწლიური თანხის გადახდა იმდენად ძვირი უჯდება, რომ ხალხი მას იშორებს.

"ჩვენი ბაზარი კი ასეთი ძველი მანქანებით გაჯერებულია. განბაჟების გაძვირების შემდეგ ავტომობილის ყიდვა არ იქნება ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც ახლაა. ერთ-ერთი ალტერნატივა კი, რომ საზოგადოებამ ნორმალურად იგრძნოს თავი, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რაც შეიძლება სწრაფად ავტობუსების შემოყვანა და მეტროს გარემონტება, რათა არ შეიქმნას კრიზისი. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ირჩევს სახელმწიფო. თუ მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს განავითარებს, ძალიან კარგია ეს. მაგრამ ხალხი თვითონ, საკუთარი სურვილით უნდა გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არა მათრახით. ხალხი კი გადაჯდება იმ შემთხვევაში, თუ ის ვითარდება. ჩვენ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ვითარდება", - დასძინა მესხიშვილმა.

ძველ ავტომობილებზე განბაჟების გადასახადის გაძვირებას დადებითად აფასებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის გამგეობის წევრი ზურაბ ბაბუჩიძე. მისი აზრით, თუ გვსურს, რომ ბაზარზე ახალი ავტომობილები გვყავდეს, ეს გადაწყვეტილება მისაღებია.

"საერთოდ, ძველი მანქანა ყველგან ძვირია, მთელ მსოფლიოში. გამომდინარე იქიდან, რომ ნამდვილად გვსურს ავტოპარკის განახლება, ცხადია, რაღაც ამისთვის უნდა გავაკეთოთ. ამ ცვლილებით მოხდება წახალისება, რომ ადამიანმა არა ძველი, არამდე შედარებით ახალი ავტომანქანა იყიდოს. განბაჟების შედეგად კი გაძვირდება მხოლოდ ძველი ავტომანქანები, ახალს ეს არ შეეხება. საბოლოო ჯამში კი ავტომობილი გაუძვირდება იმ ადამიანს, ვისაც მისი შეძენა სურს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბაბუჩიძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"