სოფლის მოსახლეობა განახევრდება!

ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა 24%-ით შემცირდა და დღეს 1,5 მლნ ადამიანს შეადგენს. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, იმ შემთხვევაში, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ უკვე შემდგომი აღწერისთვის ქართულ სოფლებს მხოლოდ 1 მლნ ადამიანიღა შემორჩეს. სოფლის მოსახლეობისგან დაცლის შეჩერება კი, სპეციალისტების გათვლებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქ ხალხს ურბანულთან მიახლოებულ კომფორტულ ცხოვრებას შევუქმნით და ამასთან, მათ სპეციალურ ფუნქციას მივანიჭებთ. სხვა შემთხვევაში სოფელში ხალხის დამაგრება შეუძლებელი იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღეს სოფლად 1589,1 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა აღწერის, ანუ 2002 წლის მონაცემებთან შედარებით 23,8%-ით ნაკლებია. იმ პერიოდში სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 2.086,7 ათას ადამიანს შეადგენდა. მართალია, 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად შემცირებულია მთლიანად მოსახლეობის რაოდენობაც, თუმცა არა იმდენით, რამდენითაც სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა. ახალი აღწერით, 2002 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 14,6%-ითაა დაკლებული. 2002 წელს საქართველოში სულ 4 371 535 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 500-ს შეადგენს.

გარდა მოსახლეობის შემცირებისა, ბოლო პერიოდში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა. მართალია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასეთი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა თუ წინა აღწერის მონაცემებს გადავხედავთ, გამორიცხული არ არის, რომ ახლა უფრო სავალალო შედეგი მივიღოთ. 2002 წლის აღწერის მიხედვით, მაშინ ქვეყანაში სულ 3668 სოფელი იყო, საიდანაც 162 სოფელში არავინ ცხოვრობდა. 152 სოფელში 1-დან 10 კაცამდე ბინადრობდა, 169-ში - 11-დან 25 კაცამდე. 224 სოფელში - 22-დან 40 კაცამდე, 360 სოფელში კი - 51-დან 100 კაცამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში (განსაკუთრებით კი იქ, სადაც წინა აღწერის შედეგად 1-დან 10 კაცამდე ცხოვრობდა) შეიძლება აღარავინ იყოს ცოცხალი. როგორც ცნობილია, საქართველოში აქტიური შიდამიგრაციული პროცესები გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მთის ზონიდან მოსახლეობა ბარის ზონაში ჩამოიყვანეს. იმ პერიოდში მძიმე მრეწველობის განვითარება ბევრ მუშახელს მოითხოვდა. დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდისათვის მთიანეთი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, დაცარიელებული იყო.

90-იან წლებში შიდამიგრაციული პროცესები ისევ გააქტიურდა. ამჯერად არა მთიანი საქართველოდან, არამედ ბარის სოფლებიდანაც კი დაიწყო ქალაქებში მოსახლეობამ გადასახლება და აქ ვაჭრობით ლუკმაპურის შოვნა. 2004 წლის შემდეგ კი საერთოდ მოისპო ისეთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტები, როგორიცაა საშუალო სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები, ამის გარეშე კი ხალხი სოფელში ვეღარ იცხოვრებს. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის თქმით, სოფლების მოსახლეობისგან დაცლის შესაჩერებლად მხოლოდ სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარება საკმარისი არ არის და აუცილებელია, პირველ რიგში, სოფლის განვითარების პოლიტიკა შემუშავდეს.

”საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია სოფლის ტერიტორიული განვითარების პოლიტიკა. ეს გაცილებით დიდი ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს ნიშნავს დასახლებული პუნქტის ინსტიტუციონალურ, ინფრასტრუქტურულ მოწყობას, ხელმისაწვდომობის გაზრდას ჯანდაცვასა და განათლებაზე. ჯერ კიდევ 2002 წელს ვწერდი, რომ სოფლების დაცლის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება, რაგან ქალაქში ხალხს გაცილებით გაუადვილდება განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურების მიღება. ეს მაშინ ვთქვი, როდესაც სოფლად შობადობას გადააჭარბა ქალაქში შობადობის მაჩვენებელმა, მანამდე სულ პირიქით იყო”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” პაატა კოღუაშვილმა.

იმისათვის, რომ სოფელში მოსახლეობის დამგარება მოხდეს, აუცილებელია, მათთვის ურბანულთან მიახლოებული ცხოვრებისეული კომფორტის შექმნა.

”თუ ჩვენ ეს არ მოვახერხეთ, არაფერი გამოვა. ამიტომ, როცა სოფელზე ვსაუბრობთ, უნდა დავიმახსოვროთ, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის საცხოვრისი და მხოლოდ ამის შემდეგაა სამეურნეო ერთეული. აქ მთავარი ამოცანაა, სოფლად მოსახლეობისთვის სოციალურ-კულტურული პირობების შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ სოფლის მეურნეობისა და აგროსამრეწველო პროდუქციის წარმოება. ეს თუ არ გაიგო საქართველოს მთავრობამ, არაფერი გამოვა”, - დასძინა კოღუაშვილმა ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

აკადემიკოსის პროგნოზით, თუკი მოსახლეობის კლების ტემპი შენარჩუნდა, მაშინ ქართულ სოფლებში უახლოეს 10 წელიწადში 1,2 მლნ-ზე მეტი ადამიანი აღარ დარჩება და ტერიტორიები, პრაქტიკულად, დაიცლება.

”რამდენიმე წლის წინათ, მე და პროფესორმა ბადრი რამიშვილმა ჩავატარეთ კვლევა, რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ საქართველოს სოფლის ტევადობა არის მინიმუმ 2,3 მლნ და მაქსიმუმ 4 მლნ ადამიანი, ხოლო სოფლად ოპტიმალური წარმოებისა და ცხოვრების ოპტიმალური პირობების შექმნის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იქნება (იმ პირობებში თუ ფერმათა საშუალო სიდიდე 10 ჰა გახდება), 300-330 ათასი ადამიანი. ერთი რამ ვერ გაიგო ვერც წინა და ვერც ამ ხელისუფლებამ, რომ სოფელში ვინც ცხოვრობს, ყველა არ არის სოფლის მეურნე, 15 წელია ვამბობ, რომ აუცილებელია მივიღოთ კანონი და დავადგინოთ, თუ ვინ არის სოფლის მეურნე. როცა ფუნქცია გაუჩნდება სოფელში ადამიანს, ის არსად გაიქცევა. მთის კანონის არსი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ ხელფასი და პენსია გაიზარდოს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთაში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონდეს ფუნქცია, სხვანაირად არაფერი გამოვა”, - დასძინა კოღუაშვილმა.

სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან დაკაშვირებით უფრო სკეპტიკურ პროგნოზს აკეთებს დემოგრაფი ანზორ თოთაძე. მისი ვარაუდით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოში შობადობა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა ახლანდელ მაჩვენებელთან შედარებით, პრაქტიკულად, განახევრდება.

”სოფლის მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზი ისაა, რომ იქ დაირღვა სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა. ახლა კი ცხოვრობს 1,5 მლნ ადამიანი, მაგრამ მათი უმეტესობა არის ხანდაზმული. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია დაიწყო, შრომისუნარიანი მოსახლეობა სოფლიდან უკვე წლებია ჩამოდის დიდ ქალაქებში, ნაწილი კი მიდის საზღვარგარეთ. დარჩენილებში კი ასაკობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნადაა დარღვეული. ამის შედეგია, რომ სოფლად თანდათანობით იკლებს შობადობის მაჩვენებელიც. მაგალითად, 80-იან წლებში კახეთში დაიბადა 60 ათასი ბავშვი, ბოლო ათწლეულში კი მხოლოდ 20 ათასი ბავშვი, ანუ სამჯერ შემცირდა შობადობა. ასეა მთელ საქართველოში. ჩემი პროგნოზით, უახლეს ათწლეულში კიდევ უფრო შემცირდება, პრაქტიკულად, განახევრდება სოფლად შობადობა და იქ სავალალო მდგომარეობა გვექნება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ სოფლის მოსახლეობის რაოდენობაც განახევრდეს”, - განაცხადა თოთაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ავთანდილ სულაბერიძის გათვლით კი, შემდგომი აღწერისთვის საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა დახალოებით ერთ მილიონამდე იქნება. რაც შეეხება ზოგადად სოფლის მოსახლეობის შემცირების მიზეზს, სულაბერიძე ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ურბანიზაციის მაღალი დონე არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშია.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი