მიგრაცია - პრობლემა თუ ახალი შესაძლებლობები მსხვილი ქალაქებისთვის

მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება.

ამის შესახებ საუბარია კვლევაში სახელწოდებით „მიგრაცია და ქალაქები: მიგრაციული დინებების მართვის ახალი მექანიზმები“ - რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში 232 მილიონი საერთაშორისო მიგრანტია, ხოლო 740 მილიონი - შიდა მიგრანტი. საერთაშორისო მიგრანტების 50% მსოფლიოს 10 ყველაზე ურბანულად განვითარებულ ქვეყანაზე მოდის. ესენია: ავსტრალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი და გაერთიანებული არაბეთის საემიროები.

ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მსხვილ ქალაქებში ყოველდღიურად 120 ათასი მიგრანტი ჩადის. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კი რეგიონის ამ ქალაქების მოსახლეობა 2050 წლისთვის 63%-ით გაიზრდება. მოსახლეობის ზრდა შეიმჩნევა ასევე აფრიკაშიც. ჯერ კიდევ 1960 წელს კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მხოლოდ ერთი ქალაქი - იოჰანესბურგი იყო მილიონი მოსახლით დასახლებული, 10 წლის შემდეგ ასეთი ქალაქების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, 2010 წლისთვის კი 33-ს მიაღწია.

იმ ქალაქებს შორის, რომელსაც მიგრანტები ან მათი შთამომავლები „მშობლიურად“ თვლიან, ექსპერტებმა რამდენიმე გამოარჩიეს, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონს აღემატება. ამ სიაში მოხვდნენ პეკინი, ბუენოს-აირესი, გუანჩჟოუ, სტამბოლი, ჯაკარტა, კინშასა, კალკოტა, ლაგოსი, ლონდონი, ლოს-ანჯელესი, მანილა, მექსიკო სიტი, მოსკოვი, მუმბაი, ნიუ დელი, ნიუ იორკი, პარიზი, რიო-დე-ჟანეირო, სან პაულუ, შანხაი, შენჟენი და ტოკიო.

მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მათი აზრით, მსხვილი ქალაქების მოსახლეობის სწრაფ ზრდას აუცილებლად მოჰყვება წარმოების ზრდა და შესაბამისად კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ამის მთავარ ფაქტორად კი მიგრანტების მხრიდან ქალაქის ცხოვრებისადმი ინოვაციურ მიდგომას ასახელებენ.

კოკა კვირკველია