დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ კერძო სექტორთან შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორთან შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, შესაბამისად ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია, უნდა იქნას განხილული დეტალურად და შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები.

"სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგი. საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელა სახელმწიფომ ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ ვხვდებით ფერმერთა ასოციაციას, სადაც იქნება განხილული კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის იქნება განხილული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან არსებული პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ყველა იმ შესაბამის საკითხზე, რომელიც დაისმება, გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები და პასუხები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.