ნოდარ ებანოიძე - მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება

„ადამიანი შედის მაღაზიაში და 100 ლარით ყიდულობს დაახლოებით იმავე რაოდენობის პროდუქტს, რამდენსაც ადრე ყიდულობდა“

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ტრადიციისამებრ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცხარე კამათის შემდეგ დამტკიცდა. ყველაზე მწვავე დაპირისპირება ბიუჯეტის პარამეტრებზე მსჯელობას მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარით განისაზღვრა. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბიუჯეტის ზრდის ტემპით და მოცულობით უკმაყოფილოა "ნაციონალური მოძრაობა", რომლის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ თუკი ლარის კურსის გაუფასურებას გავითვალისწინებთ, ბიუჯეტის პარამეტრები არ იზრდება: დეპუტატის თქმით, 2012 წელს, 8 მილიარდიანი ბიუჯეტი 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ახლა 10 მილიარდი ლარის ოდენობით წარდგენილი ბიუჯეტი 4 მილიარდ 100 მილიონი დოლარია ანუ - 700 მილიონი დოლარით ნაკლები. "2016 წლის ბიუჯეტი - ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იყოს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი", - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ზურაბ მელიქიშვილი: "საქართველოს ფინანსთა მინისტრი გაუფასურებული ლარის ხარჯზე გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრებით იწონებს თავს. ის ამტკიცებს, რომ 2012 წელს უფრო მეტი ვალი გვქონდა, ვიდრე დღეს. ამ დროს არაფერს ამბობს საშინაო ვალზე, რომელიც ამ პერიოდში ლამის გაორმაგდა. როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ 2016 წლის იანვრიდან შესაძლებელია პენსიების 50-ლარით გაზრდა, ვითვალისწინებდით გაზრდილ სახელფასო დანამატებს და იმ უაზრო პროგრამებს, რომლითაც გაჯერებულია მომავალი წლის ბიუჯეტი. რა საჭიროა ეკონომიკური საბჭოს ცალკე დაფინანსება, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გვაქვს? ან, სოლიდურ თანხის გადახდა სარეიტინგო მიმართულებებზე მომუშავე ჯგუფებისთვის? სამწუხაროდ, ხელისუფლება ბიუროკრატების დაფინანსებას ვერ შეელია და გადაწყვიტა, რომ პენსიონერებს პენსია მხოლოდ 20 ლარით გაუზარდოს, ისიც, ივლისის თვიდან.

თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, თავი მოიწონოს გაუფასურებული ლარით გაზრდილი ბიუჯეტით და მისი პარამეტრებით, ეს მისი საქმეა, რეალურად კი, ყველაფერი სხვაგვარადაა. მთლიანი შიდა პროდუქტიც ლარში გაზრდილია, დოლარში კი პირიქით - შემცირებული. საგარეო ვალიც, მშპ-სთან შედარებით მომატებულია და უკვე 42,6% გახდა. როდესაც ვთქვი, ბიუჯეტი დოლარში შემცირებულია-მეთქი, ხადურმა დათვლის მეთოდი დამიწუნა და უფასო ლექციას ჩაგიტარებთო - შემომთავაზა. კარგი იქნება, სტატისტიკურ მონაცემებში თუ არა, საკუთარ ვებგვერდებში მაინც ჩაიხედონ, სადაც ბევრი რამ დოლარშია მოცემული. საკითხავია, რატომ? - რაც თვითონ სურთ, იმას დოლარში ითვლიან, რაც არა და - ლარში".

სრულიად გასნსხვავებული მოსაზრებები აქვს ამ საკითხებზე პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოდარ ებანოიძეს.

"დოლარის გაძვირება შეეხო მხოლოდ უცხოური ვალუტით მოსარგებლე პირებს და იმათ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული. თუ ინფლაცია ზომიერ ფარგლებშია, მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება: ადამიანი შედის მაღაზიაში და 100 ლარით ყიდულობს დაახლოებით იმავე რაოდენობის პროდუქტს, რამდენსაც ადრე ყიდულობდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება გადაიყვანო უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ბიუჯეტის პარამეტრების შედარებისთვის მისი კურსიდან გადაყვანა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ ინფლაცია 80%-იანია, მაშინ შეიძლება გადავიყვანოთ, მაგრამ ჩვენთან ინფლაცია 6,3%-მდე ავიდა ოქტომბერში. ეს პოპულისტური თემაა, თორემ პენსიონერი არ მიდის სავალუტო ჯიხურში და დოლარს არ ყიდულობს. თუ ასე ვიმსჯელებთ, ლარი შეიძლება რომელიღაც ვალუტასთან გამყარდა კიდეც - დავუშვათ, მანათთან, ესე იგი, ჩვენი ბიუჯეტი მანათში უნდა გადავიყვანოთ? გეთანხმებით, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის დონე მაღალია, მაგრამ ამან დააზარალა ის ხალხი, ვისაც ვალი დოლარში აქვს აღებული და არა ისინი, ვისაც შემოსავალი ყოველთვის ლარში ჰქონდა. რაც შეეხება საგარეო ვალს, შეადარეთ რამდენი იყო ის 2003 წელს, როცა ქვეყნის სათავეში "ნაციონალები" მოვიდნენ და რამდენი იყო, როცა ისინი ხელისუფლებიდან წავიდნენ. ამის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება. ვალი ზესახელმწიფოებსაც აქვთ, მთავარია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ ვალების მომსახურებას და მათ გასტუმრებას - ეს მარტივი ჭეშმარიტებაა", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი კი მიიჩნევს, რომ მთავარი ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვაა და არა - მისი მოცულობა.

"საქმე ის არის, რომ საქართელოში ლარი არის ერთადერთი საგადასახადო საშუალება და ყველაფერი ლარში იანგარიშება. სახელმწიფოც ლარებში იღებს ყველა შემოსავალს და ლარში ხარჯავს. ძნელია თქმა, ის ბიუჯეტი უფრო ქმედითი იყო, რომელიც დოლარში მეტი იყო, თუ ეს ბიუჯეტი, რომელიც ლარში უფრო მეტია. მთავარია, როგორ განაწილდება ფინანსები, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება და რა შედეგს მოიტანს. ასეთ შედარებებს მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ხელისუფლება დოლარის ხარჯვას დაიწყებდა, მაგრამ ის დოლარს არ ხარჯავს. ამიტომ, მხოლოდ ზედაპირული და ემპირიულია მსჯელობა, ქვეყნის ბიუჯეტი დოლარში როდის იყო მეტი და როდის - არა", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი. მისი თქმით, შეიძლება მცირე თანხა ისე გონივრულად დაიხარჯოს, რომ უფრო მეტი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ვიდრე უფრო დიდ ბიუჯეტს, რომელიც არამიზნობრივად იხარჯება.

"ერთადერთი გამონაკლისი არის საგარეო ვალი, რომელსაც სახელმწიფო დოლარით იხდის. მხოლოდ აქ შეიძლება მივმსჯელოთ, რამდენად დაუმძიმდა ქვეყანას ტვირთი იმის გამო, რომ ლარი გაუფასურდა. სხვა შემთხვევაში კი, როდესაც შედარებას ვახდენთ, რეალური გაცვლითი კურსი უნდა ავიღოთ და არა - ნომინალური. დანარჩენი მხოლოდ ემპირიული მსჯელობა და დასკვნებია", - ამბობს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე