CENN - კასპელები ცემენტის ქარხნის უარყოფით შედეგებზე ალაპარაკდნენ

CENN-ის ინფორმაციით, კასპის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქალაქში ეკოლოგიური დაბინძურების დონეზე კვლევის ჩატარებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კასპის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ქალაქში არსებული ცემენტის ქარხნიდან და სხვა მსგავსი საწარმოებიდან გამოსული გამონაბოლქვი ეკოლოგიურ დაბინძურებას იწვევს, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

,,რა თქმა უნდა, ზეგავლენა უარყოფითია, მარტო მე კი არა, ამას ყველა კასპელი გეტყვით. კარგი იყოს, არავინ გაიქცეოდა აქედან. ცოტა ხალხი დაიხოცა ამ მტვერით და უბედურებით?! აღარ არის საკმარისი?! რა დაავადებები აღარ ვრცელდება. სახელმწიფოა პასუხისმგებელი ამაზე - ან ჰაერზე და გარემოზე ჩაატაროს კვლევა ან ხალხი გამოიკვლიოს, რომ გავიგოთ, რა გარემოში გვიწევს ცხოვრება ",- აცხადებს კასპის მკვიდრი გურამ ბერიანიძე. ამასთან, CENN-ის განმარტებით, პრობლემის შესახებ კიდევ უფრო კონკრეტულად საუბრობს საინფორმაციო პორტალ qartli.ge-ს ჟურნალისტი ირმა კიტრიაშვილი.

,,წლების წინ უარესი მდგომარეობა იყო, სანამ ცემენტის ქარხანაში ფილტრები დამონტაჟდებოდა, თუმცა ახლა, არ ვიცით, ეს ფილტრები არის თუ არა მწყობრში და ხომ არ გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა? ასევე პრობლემას წარმოადგენს საფქვავები, რომლის დამცავი ფილტრაციის სისტემა უხარისხოა და ხშირად გამოდის მწყობრიდან, ქალაქში მისი გამონაბოლქვი მტვრის სახით გამოიფრქვევა და მას ცემენტის სუნი აქვს," – აღნიშნავს ირმა კიტრიაშვილი.

რაც შეეხება სს "ჰაიდელბერგცემენტს", CENN-ის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი მახარაძე კონკრეტულ კომენტარს დაბინძურებაზე არ აკეთებს.

,,ჰაიდელბერგცემენტის" ჯგუფში შემავალი ქართული კომპანიები თავიანთი საქმიანობების განხორციელებისას იცავენ საქართველოში მოქმედ ყველა, მათ შორის გარემოსდაცვით, ნორმებს და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იხდიან", - აცხადებს "ჰაიდელბერგცემენტის" წარმომადგენელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით CENN-ი პროექტის ,,სასარგებლო წიაღისეულის სექტორში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა კავკასიაში" მენეჯერ ნინო გაფრინდაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, კასპის მუნიციპალიტეტი დაბინძურების კუთხით ერთ-ერთ დაბინძურებულ მუნიციპალიტეტთა კატეგორიაში გადის.

"როგორც წესი საცემენტე კირქვების მოპოვება მხოლოდ ღია კარიერული წესით, უსისტემოდ მიმდინარეობს. არ ხდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დასაწყობება ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით, ნადგურდება მცენარეული საფარი და აქედან გამომდინარე ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების კატასტროფული შემცირება, რაც მუნიციპალიტეტის ძირითადი დარგის, სოფლის მეურნეობის გაჩანაგების წინაპირობაა",- განმარტავს ნინო გაფრინდაშვილი.

როგორც CENN-ში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი დასკვნის დადება, თუ რა დოზით აბინძურებს გარემოს ცემენტის ქარხანა, ვინაიდან არ არსებობს არანაირი დასაბუთებული კვლევა, რაც დაბინძურების დონეს განსაზღვრავდა და მოსახლეობის ეჭვს, რომ ქარხანა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს, დაადასტურებდა ან უარყოფდა.

სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე: http://w3.cenn.org/wssl/uploads/documents/CENN_Article_re_Kaspi_151118.pdf