ოთარ დანელია - სამინისტროს არც ერთი რეგლამენტი არ მიუღია ფერმერებისა და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე

მე მგონია, დღეს ისეთ პრობლემას და გამოწვევას ვერ მოვისმენ, რომელზეც არ მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ოთარ დანელიამ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სწორედ ამიტომ დაიწყო ის პროგრამა, რომელიც ემსახურება შეღავათიან აგროსესხებს, ასევე სუბსიდირებულ სადაზღვევო პროგრამას, აგროდაზღვევას, ასევე იმ პროგრამებს, რომელიც გულისხმობს შეღავათებს, მათ შორის მთის კანონს.

"თითოეული ეს პროექტი, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, სწორედ ემსახურება იმ მოცემულობას, იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ დარგში", - განაცხადა დანელიამ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს.

"მათი ხმა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ასევე შეგახსენებთ, რომ არც ერთი რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მიუღია და არ მიიღებს ფერმერების და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე", - განაცხადა ოთარ დანელიამ.