ბრუნო ბალვანერა - საქართველოს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მომენტით და თურქეთის ნაცვლად რუსეთის ბაზარზე პროდუქტები შეიტანოს

საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, რუსეთ-თურქეთს შორის სანქციების ფონზე ისარგებლოს მომენტით და თურქეთის მაგივრად რუსეთის ბაზარზე კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები შეიტანოს , - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" კავკასიის ქვეყნების, მოლდოვას და ბელორუსის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განუცხადა. როგორც ბალვანერა განმარტავს, ნავთობზე ფასების დრამატული ვარდნის და დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად, რუსეთში განვითარებულმა კრიზისმა გავლენა არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე მოახდინა - უკრაინით დაწყებული, კავკასიის ქვეყნების, სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოების, თურქეთის, აღმოსავლეთ, თუ დასავლეთ ევროპის ჩათვლით.

"საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელზეც კრიზისი აისახა. ერთის მხრივ, შეიზღუდა რუსეთში მიმავალი ექსპორტი. ასევე შემცირდა ფულადი გზავნილები, რომელსაც რუსეთში დასაქმებული ქართველები რიცხავდნენ. რუბლის კურსის ვარდნის გამო საქართველოს გარშემო მყოფ ქვეყნებში ყველგან ვალუტის დევალვაცია მოხდა", - აცხადებს ბალვანერა.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" კავკასიის ქვეყნების, მოლდოვას და ბელორუსის დირექტორის თქმით, ლარის კურსის 40-პროცენტიანი ვარდნით, საქართველო შეეცადა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა, რაც მისი შეფასებით, კარგია.

"მაგრამ არც ისე კარგია ის, რომ კომპანიების, ან ოჯახების მიერ აღებული სესხის დაახლოებით 65 პროცენტი ამერიკულ დოლარშია გატანილი. ახლა მათ ვალის დაბრუნება ქართული ლარის კურსით უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კრედიტი საშუალოდ 40 პროცენტით გაიზარდა", - აცხადებს ბალვანერა. ბრუნო ბალვანერას აზრით, ამ მხრივ ყველაზე რთული მომენტი საქართველომ უკვე გადალახა. ქართული ლარი სტაბილური გახდა, იმპორტი საგრძნობლად შეიზღუდა და საქართველო ახლა ექსპორტის დონის შენარჩუნებას ცდილობს.

"უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს შედარებით მცირე ზომის ეკონომიკასთან, რომელიც ინტეგრირებულია მთელ რეგიონში. ვფიქრობ, სავაჭრო აქტივობა უნდა გაღრმავდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი. საქართველოს ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს რუსეთ-თურქეთს შორის სანქციების ფონზე, ისარგებლოს მომენტით და თურქეთის მაგივრად რუსეთის ბაზარზე კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები შეიტანოს. ამავე დროს, უნდა ვიფიქროთ მომავალი წლის არჩევნებზეც. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ იმაში, რომ გარემო საქართველოში პროგნოზირებადია, კანონის უზენაესობა დაცულია, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინვესტიციების გაგრძელებისთვის და მათი მოზიდვისთვის", - აცხადებს ბალვანერა.