დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველ ინვესტორებს

ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და რომელიც მიმართულია დამატებითი დოვლათის შექმნისთვის, ინვესტიციებს ახალისებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ამ წუთებში რაზეც მუშაობენ და რა დრაფტიც მომზადებულია ეკონომიკის სამინისტროში, ეს არის დრაფტი, რომელიც გულისხმობს უფრო მეტი გარანტიების მიცემას ინვესტორებისთვის და ეს შეეხება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს.

"აქ არავითარ შემთხვევაში არ იქნება დისკრიმინაცია, რომ ადგილობრივი დაიჩაგროს და უცხოელს მიეცეს მეტი პრიორიტეტი ან პირიქით. ყველა ინვესტორი ინვესტორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველ ინვესტორებს და ადამიანებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში ქმნიან დოვლათს", - განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა მიიღოს მეტი გარანტიები, რომ მათი ინვესტიციები კიდევ უფრო დაცული იქნება ჩვენს ქვეყანაში.