ირაკლი ღარიბაშვილი – სოლიდარობის ფონდმა შეძლო 4.2 მლნ ლარის მობილიზება და 182 ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება

ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ სოლიდარობის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობისა და ინოვაციების ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, სოლიდარობის ფონდი დღეის მდგომარეობით, 55 ათას საჯარო მოხელესა და 23 კომპანიას აერთიანებს.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, გასულ წელს, ჩემი ინიციატივით შევქმენით სოლიდარობის ფონდი, რომელმაც უკვე 55 ათასი საჯარო მოხელე, ასევე 23 კომპანია გააერთიანა. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში შევძელით 4.2 მლნ ლარის მობილიზება და 182 ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება. ეს არის ინოვაციური წამოწყება და სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა ეს ფორუმი. მადლობა კიდევ ერთხელ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჩართული არიან სოლიდარობის ფონდში, კომპანიების ხელმღვანელებს, მათ დამფინანსებლებს მინდა გადავუხადო მადლობა. ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამ ფონდის არის ერთ-ერთი თურქული კომპანია, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს აჭარაში. მან რეკორდული რაოდენობის თანხა შემოგვწირა - ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასული წლის განმავლობაში ფონდმა ურთულესი ოპერაციები დააფინანსა.

"ისეთ დაავადებებს, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ამ ფონდის მეშვეობით ვაფინანსებთ. ურთულესი ოპერაციები დავაფინანსეთ, რომელიც საზღვარგარეთ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჯდებოდა. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ამ ფონდის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.