ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ამოქმედდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პირველი ცენტრი ამოქმედდა. ახალი დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ და გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. როგორც ინოვაციების სააგენტოში აცხადებენ, ინოვაციების ცენტრი ხარაგაულის ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა და მოსახლეობას მრავალპროფილიან მომსახურებას გაუწევს.

"ადგილობრივებს ცენტრის როგორც მუშაობის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისთვის გამოყენების საშუალება ექნებათ. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც 3D პრინტერია. ყველა მომხმარებელს კონსულტაციას გადამზადებული ტრენერები გაუწევენ. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ინოვაციების ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობისთვის 38 000 ლარი გამოყო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი საზოგადოებრივი ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა", - აცხადებენ ინოვაციების სააგენტოში.

საქართველოში მსგავსი ტიპის 500 ცენტრის გახსნა იგეგმება.