ხვალ გაირკვევა, გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები

ხვალ გახდება ცნობილი, გაძვირდება თუ არა კიდევ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 4 ნოემბერს გამართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ სესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 4 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5826 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2761 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8587 ადამიანს გაუძვირდა.