რაჭული ნაძვები ევროპაში

რაჭული სოჭის თესლის ექსპორტს უკვე ათ წელზე მეტია რამდენიმე დანიური, გერმანული და სხვადასხვა ევროპული ქვეყანა ეწევა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ დანია მთელ ევროპას საახალწლოდ რაჭული ნორდმანის ჯიშის ნაძვის ხეებით ამარაგებს. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2-მეტრიანი რაჭული ნაძვის ხის ფასი 70 ევროს შეადგენს.

საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი. კომპანია მომავალში დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანასაც გეგმავს. Fair trees-ის მენეჯერი ჟანა ბაბუნაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტი დიდი ალბათობით, წარმატებით განხორციელდება.

"საახალწლოდ ჩვენი ერთადერთი კონკურენტი ჩინური ნეილონის ნაძვის ხე იქნება, შესაბამისად ვფიქრობ, რომ სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, ეს კამპანია ნამდვილად გაამართლებს. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, აქ იდეა და კომერციული გათვლები 50-50-ზეა", - ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, დანიიდან უკვე გამოგზავნილია 4500 ძირი ნაძვის ხის ნერგი. კომპანია აპირებს, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ნორდმანის ჯიშის ნაძვის ხის ტყეები გააშენოს, რაც თავისთავად ნიშანავს ჟანგბადით გამდიდრებულ გარემოს. მომავალში სანერგეებიდან საახალწლო ნაძვის ხეები გამოხშირვის მეთოდის გამოყენებით გაიყიდება.

"ეს არის ციკლი, რომელიც არ სრულდება, დანიაში ასეა მიღებული, ერთ საშობაო ხეს რომ გაყიდი, მის ნაცვლად აუცილებლად ახალს რგავ, ამას არა მხოლოდ გარემოს დამცველობითი, არამედ დიდი სოციალური ხასიათის პასუხისმგებლობა აქვს, რადგან fair trade არის კომპანია, რომელიც თითოეული გაყიდული ნერგიდან 60 ევრო ცენტს საქველმოქმედო ფონდში რიცხავს", - აღნიშნავს ჟანა ბაბუნაშვილი.

ყოველწლიურად ევროპაში 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და აღსანიშნავია, რომ მათგან 90 პროცენტი რაჭული თესლისგანაა გაზრდილი. ჟანა ბაბუნაშვილის თქმით, 600 ჰექტარზე გაშენებული Fair Trees-ის ნაძვის ხეები დანიიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით გადის. შვედეთში, პორტუგალიაში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში 4-5%. საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთში 9-11%, გერმანიაში კი 55%. Fair trees-ის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ნაძვის ხის ფასი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და ის საშუალოდ 30-40 ევროს შეადგენს. საშობაოდ გასაყიდი ზომის მისაღწევად კი დაახლოებით 9-დან 12 წლამდეა საჭირო. Fair trees-ის მენეჯერი ამბობს, რომ კომპანია ყველანაირად ცდილობს, საქართველოს სახელი გარკვეულ ევროპულ წრეებში ჟღერდეს. "უფრო ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ნაძვის ხე, რომლის ირგვლივაც საშობაოდ ევროპელი ბავშვები თამაშობენ, ქართულია", - ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე